საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკის სამი ახალი სახელმძღვანელოს ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია თსუ საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალის ფარგლებში

30 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი, რომელიც გახსნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

 

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიერ მომზადებული და უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული ეკონომიკის სამი საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოს ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ წარადგინა პროფესორ პოლ ჰეინეს (ვაშინგტონის უნივერსიტეტი), პროფესორ პეტერ ჯ. ბოეტკეს (ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი) და პროფესორ დეივიდ ლ. პრიჩიტკოს (ჩრდილოეთი მიჩიგანის უნივერსიტეტი) მსოფლიოში აღიარებული სახელმძღვანელო: „ეკონომიკური აზროვნების წესი“ (მეცამეტე გამოცემა, 2014 წ.).

 

სახელმძღვანელოს ქართული გამოცემის მთავარი სამეცნიერო რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ სილაგაძე. წიგნი ინგლისურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკის და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრაზე. გამოცემის პასუხისმგებელი მდივანია, თსუ ასოცირებული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი.

 

ეს აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში, ამ მიმართულებით გამოცემული მეხუთე წიგნია. მასში დამატებულია 500-მდე სამეცნიერო და საინფორმაციო განმარტება. წიგნი საინტერესოა არა მხოლოდ ეკონომისტებისათვის, არამედ მკითხველთა ფართო წრისთვისაც.

 

ამის შემდეგ, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ჩიქობავამ უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული კიდევ ორი სახელმძღვანელო წარადგინა, რომლებიც ინგლისურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის მიერ.

 

„მაკროეკონომიკის“ სახელმძღვანელოს ავტორები არიან: უილიამ ფ. მიტჩელი, ლ. რენდალ რეი, მარტინ ჯ. უოტსი.

ქართულენოვანი გამოცემის მთავარი სამეცნიერო რედაქტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, სამეცნიერო რედაქტორეები და მთარგმნელები, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა და ნაზირა კაკულია და მთარგმნელი - ეკონომიკის დოქტორი ნინო ჟორჟიკაშვილი.

 

ხოლო „ეკონომიკური განვითარების“ სახელმძღვანელოს ავტორები არიან: მაიკლ პოლ ტოდარო, ნიუ იორკის უნივერსიტეტი, სტივენ ჩარლზ სმიტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი.

 

ქართულენოვანი გამოცემის მთავარი სამეცნიერო რედაქტორი და მთარგმნელი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა, სამეცნიერო რედაქტორი და მთარგმნელი, ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია და სამეცნიერო რედაქტორი – ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე

 

აღსანიშნავია, რომ წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა ეძღვნება პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას.

 

თარიღი: 01/05/2025